ქართული კონიაკი – საუკუნოვანი უბერებელი ტრადიცია

ანა ღონღაძე

სააქციო საზოგადოება “დავით სარაჯიშვილი და ენისელი” გამგრძელებელია იმ ტრადიციებისა, რომელიც კონიაკის ქარხნის დამფუძნებელმა დავით სარაჯიშვილმა სახელმწიფოს უანდერძა. კომპანია საქართველოში კონიაკის წარმოების ლიდერია. აქ თხუთმეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებენ და საზოგადოებას უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლურ სასმელს სთავაზობენ.

საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე ს.ს. “დავით სარაჯიშვილი და ენისელის” კონიაკებს 17 გრან პრი, 109 ოქროს, 44 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული. კომპანია მსოფლიოს იმ საუკეთესო საწარმოთა რიცხვშია შესული, რომელთა პროდუქციაც წარმოების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.დავით სარაჯიშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის მთელს მაშინდელ იმპერიაში კონიაკის წარმოების ფუძემდებლად ითვლება.

კომპანიის ისტორია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს.

1884 წელს დავით სარაჯიშვილმა, საფრანგეთში განათლების მიღების შემდეგ, თბილისში დააარსა ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი ფირმა და პირველი ქართული კონიაკის წარმოება დაიწყო. გამოშვებულმა პროდუქციამ ბიძგი მისცა ქართული კონიაკის წარმოების განვითარებას და აუცილებელი გახდა დავით სარაჯიშვილისეული ქარხნის მნიშვნელოვნად გაფართოება.

1911 წლის 20 ივნისს სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისივე ანდერძის თანახმად, ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს საკუთრებად იქცა.

30-იანი წლების დასასრულს საფუძველი ჩაეყარა თბილისის გარეუბანში, ავჭალაში კონიაკის ქარხნის მშენებლობას, რომელიც დღეისათვის ს.ს “დავით სარაჯიშვილი და ენისელის” საკუთრებას წარმოადგენს. ქარხნის მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის გამო შეჩერდა და საბოლოოდ მწყობრში 1954 წელს ჩადგა. ახალი ქარხნის აშენება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული კონიაკის წარმოების ისტორიაში.

1994 წლიდან, თბილისის კონიაკის ქარხნის ბაზაზე, შეიქმნა სააქციო საზოგადოება “დავით სარაჯიშვილი და ენისელი,” რომლის საქმიანობასაც საქართველოში ალკოჰოლური სასმელების – კონიაკის, არყის და ლიქიორის წარმოება წარმოადგენს. მისი სახელწოდება კი საქართველოში კონიაკის წარმოების ფუძემდებლისა და ქართული კონიაკის ყველაზე პოპულარული მარკის სახელისგან შეიქმნა. საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით ს.ს.”დავით სარაჯიშვილი და ენისელი” ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

საწარმოს საცავებში, მუხის კასრებში ინახება უნიკალური ქართული საკონიაკე სპირტები, რომელიც მიღებულია ქართული ღვინომასალებიდან კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენების გზით.

ეს სპირტები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ასაკით, ისე გეოგრაფიული ადგილწარმოშობით, ზოგიერთი საკონიაკე სპირტის ასაკი კი 110 წელს აღემატება.

ბოლო ათი წლის განმავლობაში კომპანიაში ძირითადი საამქროების გადაიარაღება მოხდა, რამაც ს.ს.”დავით სარაჯიშვილი და ენისელს” საშუალება მისცა, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქცია ეწარმოებინა.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, კომპანია ექსპორტს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აწარმოებს და ამ ქვეყნების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

“ამჟამად ჩვენი კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის უკრაინაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ჩინეთში, ყაზახეთში. უკვე ბოლო დეტალები ზუსტდება და ამ წლის ბოლოს პირველი ტვირთი სლოვაკეთში წავა, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯერჯერობით ეს არის იმ ბაზრების ჩამონათვალი, რომლებზეც ვართ წარმოდგენილი ან უახლოეს თვეებში შევალთ. კომპანია ყოველდღიურად აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებთან, იმპორტიორებთან. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლის ბოლომდე ამ ქვეყნების რიცხვს კიდევ რამდენიმე ქვეყანა მიემატება,” – განაცხადა “24 საათთან” საუბრისას კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი შარვაშიძემ.

2005 წელს სააქციო საზოგადოება კონიაკის მწარმოებელი პირველი კომპანია გახდა ამიერკავკასიაში, რომელსაც ISO 9001 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიენიჭა. ამით სერტიფიკაციის საერთაშორისო ქსელმა IQ NET-მა ს.ს. “დავით სარაჯიშვილი და ენისელი” მსოფლიოს იმ საუკეთესო კომპანიათა რიცხვში ჩააყენა, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციაც წარმოების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია თხუთმეტამდე დასახელების პროდუქტს ითვლის. როგორც ადრე, ასევე დღესაც ს.ს. “სარაჯიშვილი და ენისელის” მიერ ჩამოსხმული პროდუქტი ქართული კონიაკის ბაზარზე ლიდერია და ბაზრის 75 პროცენტი უჭირავს: “ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია “სარაჯიშვილი” ლიდერია კონიაკის ქართულ ბაზარზე. ჩვენ ბაზრის 75 პროცენტი გვიჭირავს, თუმცა ეს არ არის პროგრამა მაქსიმუმი. თითოეული ჩვენი ნაბიჯი, რომელსაც ახლა ვდგამთ, მიმართულია იმისკენ, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გავზარდოთ.”

კომპანია “სარაჯიშვილის” სამარკო კონიაკების თარო 6-წლიანი დაძველების “ეგრისით” იწყება, შემდეგია “ვარციხე” 7-წლიანი დაძველებით, “არმაზი” 8-წლიანი დაძველებით, “გრემი” 9-წლიანი დაძველებით, “გელათი” 10-წლიანი დაძველებით და სხვა.

კონიაკი “ძალიან ძველი” კომპანიის განსაკუთრებული მარკაა, რადგან, როგორც ბრენდი, მხოლოდ ის შემორჩა პირადად დავით სარაჯიშვილის მრავალრიცხოვანი ასორტიმენტიდან, რომელიც მან 1901 წელს 12-წლიანი დაძველების სპირტებისაგან შექმნა.

ფირმის სიამაყეს წარმოადგენს კონიაკი “ენისელი”, რომელსაც საერთაშორისო დეგუსტაციებზე 29 ჯილდო, მათ შორის 20 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

კომპანიის ექსკლუზიურ პროდუქციას კონიაკი “XX საუკუნე” წარმოადგენს, იმდენად, რამდენადაც მის შემადგენლობაში XX საუკუნის ყოველი ათწლეულის საუკეთესო საკონიაკე სპირტები შედის.

“XX საუკუნე” სულ 500 ბოთლია ჩამოსხმული, ყოველ მათგანს საკუთარი ნომერი აქვს და თითოეულს ანალოგი არ მოეძებნება.

კიდევ ერთი უნიკალური ბრენდია “სარაჯიშვილი-155”, რომელიც დავით სარაჯიშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა და მასში შემავალი სპირტები ასზე მეტ წელს ითვლის. სულ ჩამოსხმულია 500 ბოთლი და ყველას საკუთარი ნომერი აქვს.

რაც შეეხება დამზადების ტექნოლოგიას, კომპანიას რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი არ გააჩნია, მაგრამ ქარხანაში სპირტების ძალიან მდიდარი ბაზა არსებობს და სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენს კომპანიაში წარმოებული პროდუქციის უნიკალურობის საიდუმლოს. “თუ გინდა, ტექნოლოგიურად უმაღლესი ხარისხის კონიაკი მიიღო, უნდა გქონდეს სპირტების ძალიან მდიდარი ბაზა – ეს არის ნომერ პირველი პირობა კარგი პროდუქტის მისაღებად. ჩვენ გვაქვს სპირტების უნიკალური საცავები. ეს ნამდვილად ის საიდუმლო რეცეპტია, რის გამოც ჩვენი პროდუქცია ყველაზე მაღალხარისხოვანია ქართულ ბაზარზე და, სხვათა შორის, კონკურენტუნარიანია უცხოელ ცნობილ მწარმოებლებს შორის,” – გვითხრა გიორგი შარვაშიძემ.

კომპანია ყოველთვის გამოირჩეოდა პროდუქტების ძალიან ფართო სპექტრით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველა გემოვნების თუ ფინანსური შესაძლებლობების მქონე მომხმარებლისათვის. კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალი მართლაც ძალიან დიდია, თუმცა “სარაჯიშვილმა” მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო რებრენდინგის პროცესი, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია.

“ახალ წლამდე მომხმარებელი უკვე სრულიად ახალ პროდუქციას იხილავს თაროებზე და ამ სერიულ ხაზში ჩვენ წარმოდგენილი გვექნება დაახლოებით ათი პროდუქტი. ზოგიერთი ძველი პროდუქტი მთლიანად ქრება, ემატება ზოგიერთი ახალი პროდუქტი და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავად ბრენდ “სარაჯიშვილის” სახელი მოდის წინა პლანზე. ეს ეტიკეტებიდანაც ჩანს. ხოლო ის მეორადი ბრენდები, ვთქვათ, “ენისელი” “გრემი” და ა.შ. ცოტათი უკანა პლანზე იწევს. ესეც გარკვეული სტრატეგიაა. ფაქტობრივად, ჩვენი სასმელები იყიდება არა რომელიმე ქვებრენდისადმი ლოიალურობის გამო, არამედ ბრენდ “სარაჯიშვილის” პრესტიჟის გამო.”

რაც შეეხება უცხოურ ბაზარს, 2006 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი ბაზარი დახურა საქართველოსათვის, ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი არაერთი კომპანია დაიხურა. ემბარგოს გამოცხადებამ “სარაჯიშვილის” გაყიდვების მაჩვენებელი 70 პროცენტით შეამცირა. რუსეთის ბაზარი იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ კომპანიის მხრიდან არ ხდებოდა ზრუნვა ახალი ბაზრების მოძიებისათვის და, შესაბამისად, უცხოურ ბაზრებზე გასვლის სტრატეგიები კომპანიაში რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგ ჩამოყალიბდა. “ჩვენ გვაქვს სერიოზული ამბიცია, რომ “სარაჯიშვილი” საერთაშორისო ბაზრის ბრენდი გახდეს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწორედ ამ დასახელებით იყოს ცნობადი. ხოლო რაც შეეხება მის ქვებრენდებს, ამას უკვე პრაქტიკულად დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. გარდა სერიული ხაზისა, რომელსაც დეკემბრიდან შევთავაზებთ არა მარტო ქართველ, არამედ საერთაშორისო ბაზრებსაც, გვაქვს ექსკლუზიური პროდუქტები, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს. ეს გულისხმობს 30-წლიანი და ას წლამდე დაძველების კონიაკებს, უმაღლესი ხარისხით შეფუთულს, ასე ვთქვათ, ექსკლუზიურ ბოთლებში, რომლის მსგავსიც სხვას არავის ექნება, და შესაბამისად, ამ პროდუქტების ფასებიც მაღალი იქნება. ამ სახის პროდუქტზე მოთხოვნა საქართველოშიც არსებობს და უცხოეთშიც. ვინც უნიკალურ პროდუქტებს ეძებს, ის ამას კომპანია “სარაჯიშვილში” იპოვის,” – აღნიშნა მარკეტინგის მენეჯერმა.

კითხვაზე, რუსული ემბარგოს შემდეგ შეექმნა თუ არა კომპანიას პრობლემები, კონკრეტულად რა სახის პრობლემასთან ჰქონდათ შეხება და ამ ბაზრის დახურვის შემდეგ რომელი ქვეყნებით ჩაანაცვლეს რუსეთი? ბატონმა გიორგიმ გვიპასუხა:

“რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზრის დაკეტვა არა მარტო ჩვენი კომპანიისათვის, არამედ ალკოჰოლში მოღვაწე სხვა კომპანიებისათვის ნამდვილი შოკი იყო და ამან ჩვენი გაყიდვები 70 პროცენტით შეამცირა. ადრე პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ახალი ბაზრების ძებნა. ამჟამად კომპანიას ამ კუთხით უკვე სერიოზული მიღწევები აქვს. ჩვენი პროდუქცია აუცილებლად გავა სლოვაკეთში, აშშ-სა და პოლონეთში და მთელი რიგი მოლაპარაკებები მიდის სხვა ქვეყნებთან. კომპანიამ მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო გამოფენაში – გერმანია, ლონდონი, ნიუ-იორკი და ა.შ. გვაქვს უამრავი კონტაქტები, მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება, პროდუქციის ხარისხში ეჭვი არავის ეპარება. აქ უკვე ფასები და სხვა ტექნიკური საკითხებია, მარკეტინგის ხარჯები და ა.შ. რომელიც მუდმივად თანხმდება.”

ამჟამად კომპანიას სერიული წარმოების და ექსკლუზიური პროდუქტების ფართო ასორტიმენტი აქვს წარმოდგენილი ბაზარზე, რადგან მათ აქვთ საშუალება, 10-15 სახის ექსკლუზიური პროდუქტი აწარმოონ. “სარაჯიშვილი” მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა და, როგორც მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, ახალი პროდუქტის როგორც ფასით, ასევე ხარისხით მომხმარებელი აუცილებლად კმაყოფილი დარჩება.

კომპანია “სარაჯიშვილის” პროდუქციას არსებობის მანძილზე ორასზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, ის საერთაშორისო გამოფენებზე ყოველთვის ერთპიროვნული ლიდერი იყო. ბოლო პერიოდში, შეიძლება ითქვას, კოლეგიალობის გამო კომპანიას ალკოჰოლური სასმელების გამოფენებზე პროდუქცია აღარ გააქვს, რადგან მათი პროდუქტები ყოველთვის იღებდა ჯილდოს, იყო უალტერნატივო და ამან გარკვეულწილად ჩაძირა სხვა კომპანიები, არა მარტო ქართული, არამედ უცხოურიც.

ამჟამად საერთო გაყიდვების 55 პროცენტამდე ექსპორტზე მოდის, აქედან დაახლოებით 35 პროცენტი – უკრაინაზე, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე უკრაინა კომპანია “სარაჯიშვილის” მიერ წარმოებული პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. წინა წლებთან შედარებით, უცხოურ ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლებია. “დარწმუნებული ვარ, რომ “სარაჯიშვილი” ისეთივე ცნობადი იქნება საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც ცნობილი ფრანგული კონიაკის მწარმოებლები,” –

საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე ს.ს. “დავით სარაჯიშვილი და ენისელის” კონიაკებს მოპოვებული აქვთ სულ 17 გრან პრი, 109 ოქროს მედალი, 44 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი.